ანგარიში გაზეთ „საზოგადოება-მცხეთის“ მეორე ნომრის გამოცემისა და გავრცელების შესახებ

ონლაინ და ბეჭდური გამოცემა „საზოგადოება-მცხეთა“ წარმოგიდგენთ ანგარიშს გაზეთის მეორე ნომრის დაბეჭდვასა და გავრცელებასთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ გაზეთის პირველი ნომერი გასული წლის ზაფხულში სატესტო რეჟიმში გამოიცა. საზოგადოებისგან მიღებული პოზიტიური უკუკავშირის საფუძველზე გადაწყდა, რომ გამოცემა გარკვეული სიხშირით გაგრძელებულიყო.

მიმდინარე წლის თებერვალში უკვე მეორე ნომერი გამოვეცით, რაც შესაძლებელი გახდა ჩვენი გულშემატკივრებისა და მხარდამჭერების ფინანსური დახმარებით. ოქტომბრიდან აპრილის ჩათვლით, ვებ-გვერდის ჰოსტინგისა და მეორე ნომრის გამოცემის ხარჯები დაფინანსდა 19 შემომწირველის მიერ. შემომწირველთა სია სრულად გამოქვეყნებულია ჩვენს ვებ-გვერდზე. თითოეულ მათგანს გულითად მადლობას ვუხდით ნდობისა და მხარდაჭერისთვის.

სულ შემოსულმა თანხამ შეადგინა 807 ლარი. აქედან 650 ლარი მოხმარდა 500 ცალი, 8-გვერდიანი, ფერადი გაზეთის დაბეჭდვასა და დაკაბადონებას. დარჩენილი თანხა გამოყენებულ იქნა ოქტომბერი-აპრილის პერიოდში ვებ-გვერდის სერვერის ხარჯების დასაფარად. დეტალური ფინანსური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ჩვენს ვებ-გვერდზე, ფინანსური გამჭვირვალობის სექციაში.

ასევე აღსანიშნავია, რომ იანვრის ჩათვლით ვებ-გვერდი განთავსებული იყო საერთაშორისო პლატფორმაზე, რომლის მომსახურება თვეში დაახლოებით 18 დოლარს შეადგენდა. თებერვლიდან გადავედით ქართულ სერვერზე, რომლის ღირებულება თვეში მხოლოდ 6 ლარია, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა ხარჯები.

რაც შეეხება გავრცელებას, 500 ეგზემპლარი დარიგდა დიდუბის ავტოსადგურში, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლების მიმართულებით მოძრავ სამარშრუტო ტაქსებში, მუხრანისა და მცხეთის ბაზრებში, სოფელ წეროვანში (დევნილთა დასახლებაში), ასევე წილკანსა და ძალისში.

მომავალში ვგეგმავთ გაზეთის უფრო მაღალი სიხშირით გამოცემას და კიდევ უფრო მეტი ადამიანის ჩართვას ჩვენს საქმიანობაში.

მადლობა თითოეულ მხარდამჭერს, ვინც ხელს უწყობს დამოუკიდებელი და საზოგადოებაზე ორიენტირებული მედიის განვითარებას.