მუხრანი 2035 – მოსახლეობის ხედვები სოფლის მომავალზე

როგორი უნდა იყოს მუხრანი 2035 წელს? ამ კითხვაზე პასუხი მხოლოდ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას არ უკავშირდება. ის მოიცავს საცხოვრებელი გარემოს ხარისხს, ადგილობრივ ეკონომიკურ შესაძლებლობებს, საზოგადოებრივ ურთიერთობებს, ისტორიული მემკვიდრეობის დაცვასა და სოფლის განვითარებაში მოსახლეობის მონაწილეობას.

ინიციატივა „მუხრანი 2035“ შეიქმნა იმისთვის, რომ სოფლის განვითარების შესახებ მსჯელობის საწყისი თავად მოსახლეობის საჭიროებები და წარმოდგენები ყოფილიყო.

ინიციატივის საფუძველი გახდა საქართველოს საზოგადოებრივი ასამბლეის გამოცდილება. საზოგადოებრივი ასამბლეა არის პირველი საზოგადოებრივი არაფორმალური გაერთიანება, რომელიც 2025 წლის 8 თებერვალს შეიქმნა და დღეს დაახლოებით 3 000 ადამიანს აერთიანებს. ასამბლეაში სხვადასხვა პროფესიის ადამიანები მსჯელობენ იმაზე, როგორი შეიძლება იყოს საქართველო მომავალში, რა გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა და როგორ შეიძლება არსებული პრობლემების დაძლევა საერთო, კონსტრუქციული მსჯელობის გზით.

ასამბლეის დღის წესრიგი სხვადასხვა საკითხს მოიცავს – სამართლიანი სახელმწიფოს, ძლიერი თვითმმართველობის მოდელებს, კულტურული მემკვიდრეობის პოლიტიკას და სხვა თემებს. ამ პროცესში პროფესიულ ჯგუფებთან ერთად აქტიურად მონაწილეობენ რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეებიც.

სწორედ მცხეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები აქტიური მოქალაქეების ინიციატივით საზოგადოებრივი ასამბლეის ქოლგის ქვეშ ჩამოყალიბდა „მცხეთის ასამბლეა“. მის საქმიანობას მალევე დაემატა ადგილობრივი მედიის შექმნის იდეაც, მოსახლეობის შემოწირულობებით დაფუძნდა გაზეთი „საზოგადოება მცხეთა“, რომელმაც უკვე ორი ნომერი გამოსცა.

ამ გამოცდილებამ აჩვენა, რომ განსხვავებული პოლიტიკური, სოციალური და პროფესიული შეხედულებების მქონე ადამიანებს შეუძლიათ ადგილობრივი განვითარების საკითხებზე თანამშრომლობა.

პოლარიზებულ საზოგადოებრივ გარემოში საერთო ადგილობრივ საჭიროებებზე ორიენტირებული მსჯელობა თანამშრომლობის დამატებით შესაძლებლობას ქმნის.

შეხედულებების განსხვავების მიუხედავად, უსაფრთხო გარემო, ხარისხიანი მომსახურება და ღირსეული ცხოვრების პირობები მოსახლეობის ფართო ჯგუფებისთვის საერთო ინტერესს წარმოადგენს.

ქვეყნის განვითარების შესახებ საჯარო დისკუსიებში ადგილობრივი თემების გამოცდილებისა და პრიორიტეტების სათანადო ასახვა მნიშვნელოვანი გამოწვევაა. განსაკუთრებით საჭიროა სოფლების მოსახლეობის ჩართვა იმ გადაწყვეტილებების განხილვაში, რომლებიც მათ ყოველდღიურ ცხოვრებას განსაზღვრავს.

ადგილობრივი საჭიროებების განხილვა არ უნდა შემოიფარგლებოდეს წინასაარჩევნო პერიოდით. სოფლის განვითარების საკითხებზე მოსახლეობასთან რეგულარული დიალოგი გადაწყვეტილებების მიღების მუდმივი ნაწილი უნდა იყოს.

„მუხრანი 2035“ ეფუძნება მოსახლეობის მონაწილეობით განვითარების ხედვის ჩამოყალიბების პრინციპს.

საერთო ხედვა მოსახლეობას საშუალებას აძლევს, საკუთარი პრიორიტეტები წარუდგინოს ადგილობრივ ხელისუფლებას, ბიზნესს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს. ამგვარი მიდგომა ხელს უწყობს მოქალაქეთა მონაწილეობას გადაწყვეტილებების მომზადებასა და შესრულების შეფასებაში.

ამიტომაც გაჩნდა იდეა, რომ სოფელ მუხრანში, მცხეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ ყველაზე დიდ და ისტორიულ სოფელში, დაწყებულიყო ფართო საზოგადოებრივი დისკუსია მისი მომავლის შესახებ.

მიზანი იყო შექმნილიყო ნარატიული და ვიზუალური ხედვების კრებული, რომელიც, ერთი მხრივ, ასახავდა მოსახლეობის სურვილებსა და წარმოდგენებს, ხოლო, მეორე მხრივ, მომავალში შეიძლებოდა გამოყენებულიყო სოფლის განვითარების შესახებ გადაწყვეტილებების, პროექტებისა და პოლიტიკის ადვოკატირებისას.

მსგავსი გამოცდილება უკვე არსებობს „ქუთაისის ასამბლეის“ სახით, რომელიც ასევე აქტიურად მსჯელობს ქალაქის მომავალსა და განვითარების სტრატეგიაზე.

რატომ 2035 წელი? ათწლიანი პერსპექტივა შეირჩა იმისთვის, რომ განხილვა გასცდენოდა მხოლოდ მიმდინარე პრობლემებს და მოეცვა სოფლის განვითარების გრძელვადიანი შესაძლებლობები.

ეს დროითი ჩარჩო იძლევა შესაძლებლობას, ერთდროულად განვიხილოთ როგორც პრაქტიკულად მისაღწევი ცვლილებები, ისე უფრო მასშტაბური განვითარების მიმართულებები.

შესაბამისად, დოკუმენტი აერთიანებს არსებულ საჭიროებებსა და მოსახლეობის წარმოდგენებს სოფლის სასურველი მომავლის შესახებ.

კვლევის მიდგომა და შეზღუდვები

„მუხრანი 2035“ ხარისხობრივი კვლევის ინიციატივაა და არ წარმოადგენს მოსახლეობის წარმომადგენლობით რაოდენობრივ კვლევას. მისი მიზანი იყო მონაწილეთა საჭიროებების, დამოკიდებულებებისა და მომავლის შესახებ წარმოდგენების შესწავლა.

ძირითად მეთოდს წარმოადგენდა ღია ჯგუფური დისკუსია.

კვლევის ფარგლებში მოსახლეობასთან კომუნიკაცია რამდენიმე ფორმით განხორციელდა:

  • ჩატარდა 6 ფიზიკური შეხვედრა;
  • შეხვედრებში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ასაკისა და გამოცდილების მქონე მუხრანელები, ახალგაზრდები, საშუალო და უფროსი ასაკის ადამიანები;
  • ჩატარდა ანონიმური ონლაინ გამოკითხვა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 28 ადამიანმა;
  • პროექტის შესახებ საზოგადოებასთან კომუნიკაციისთვის შეიქმნა Facebook გვერდი “მუხრანი 2035”, რომელსაც 300-მდე გამომწერი ჰყავს;
  • პროექტის ფარგლებში მომზადებულ ვიდეოებსა და ფოტოებს, რომლებშიც ადამიანების ხედვები იყო ვიზუალურად წარმოდგენილი, ჯამში 50 000-ზე მეტი ნახვა ჰქონდა;
  • კვლევის პროცესში ასევე გამოყენებული იყო სოციალური ქსელების კომენტარები და მოსახლეობის მიერ საჯაროდ გამოთქმული მოსაზრებები.

ფიზიკური შეხვედრები განსხვავებული ასაკობრივი და სოციალური ჯგუფების მონაწილეობით ჩატარდა. მონაწილეებს არ მიეწოდებოდათ წინასწარ განსაზღვრული პასუხების ჩამონათვალი. საუბარი იწყებოდა ღია კითხვებით, მაგალითად: „როგორი მუხრანი გინდათ 10 წლის შემდეგ?“

მონაწილეებს ასევე სთხოვდნენ, წარმოედგინათ თავი 2035 წლის მუხრანში და აღეწერათ ჩვეულებრივი დღე: რას დაინახავდნენ სახლიდან გამოსვლისას, როგორი იქნებოდა ქუჩები, სად ივლიდნენ ბავშვები, სად შეიკრიბებოდნენ ახალგაზრდები, როგორ იმუშავებდნენ ადამიანები, რა მოხდებოდა მდინარე ქსნის სანაპიროზე და რა იქნებოდა სოფლის ეკონომიკისა თუ კულტურული ცხოვრების საფუძველი. ასეთი მიდგომის მიზანი იყო არა მხოლოდ პრობლემების გამოვლენა, არამედ მომავლის კონკრეტულ სურათებად წარმოდგენა.

მიღებული პასუხები შემდეგ დაჯგუფდა განმეორებადი თემების მიხედვით. ანალიზის შედეგად გამოიკვეთა რამდენიმე ძირითადი მიმართულება:

  1. ინფრასტრუქტურა და საბაზისო სერვისები;
  2. ურბანული გარემო, კეთილმოწყობა და მობილობა;
  3. ისტორიული მემკვიდრეობა და მუხრანის იდენტობა;
  4. მწვანე სივრცეები, მდინარე ქსანი და გარემოს დაცვა;
  5. განათლება, ბავშვები და ახალგაზრდობა;
  6. ადგილობრივი ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა და დასაქმება;
  7. ტურიზმი და კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული ეკონომიკა;
  8. ადგილობრივი თვითმმართველობა და მოქალაქეთა მონაწილეობა;
  9. სოციალური ურთიერთობები და საზოგადოებრივი ცხოვრება;
  10. უსაფრთხოება, ჯანდაცვა და ყოველდღიური ცხოვრების ხარისხი.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ დოკუმენტში წარმოდგენილი ხედვები არ უნდა განვიხილოთ როგორც მუხრანის მთელი მოსახლეობის რაოდენობრივად წარმომადგენლობითი პოზიცია. მონაწილეთა რაოდენობა და კვლევის რესურსები შეზღუდული იყო.

თუმცა, ამ ინიციატივის მნიშვნელობა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მუხრანში მან შექმნა საზოგადოებრივი დისკუსიის ერთ-ერთი პირველი პრეცედენტი, როდესაც მოქალაქეებს მიეცათ შესაძლებლობა, ერთად ემსჯელათ არა მხოლოდ იმაზე, „რა არის ცუდად“, არამედ იმაზეც, „როგორი გვინდა იყოს მუხრანი“.

ამიტომ კვლევა უნდა განვიხილოთ როგორც საწყისი ეტაპი, საფუძველი, რომელზეც მომავალში შესაძლებელია უფრო ფართო, წარმომადგენლობითი და ყოვლისმომცველი კვლევის აგება.

მუხრანის მოსახლეობის ხედვები

მონაწილეთა პასუხები განსხვავებული იყო, თუმცა გამოიკვეთა რამდენიმე განმეორებადი პრიორიტეტი. მონაწილეები მუხრანის მომავალს უკავშირებენ თანამედროვე საცხოვრებელ პირობებსა და ისტორიული თავისებურებების შენარჩუნებას.

მონაწილეთა ხედვებში მუხრანი წარმოდგენილია როგორც:

  • ისტორიული იდენტობის მქონე თანამედროვე თემი;
  • ეკონომიკურად ძლიერი ადგილობრივი საზოგადოება;
  • მწვანე და ადამიანზე მორგებული საცხოვრებელი გარემო;
  • მომსახურებებით უზრუნველყოფილი დასახლება;
  • ტურისტულად მიმზიდველი ადგილი;
  • და ადგილი, რომელსაც საკუთარი განვითარების შესახებ გადაწყვეტილებების მიღებაში რეალური ხმა აქვს.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საერთო ხაზი არის სურვილი, რომ მუხრანმა განვითარებასთან ერთად საკუთარი სახე არ დაკარგოს. მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია, რომ მომავალში მუხრანი არ იქცეს უბრალოდ კიდევ ერთ განაშენიანებულ ტერიტორიად თბილისის მახლობლად. პირიქით, მისი ისტორია, არქიტექტურა, ლანდშაფტი, ტრადიციები, სოფლის მეურნეობა და საზოგადოებრივი მეხსიერება უნდა გახდეს განვითარების საფუძველი.

1. მუხრანი, კეთილმოწყობილი და თანამედროვე

ყველაზე ხშირად დასახელებული საკითხები დაკავშირებულია იმ პრობლემებთან, რომლებიც დღეს მუხრანის ყოველდღიურ ცხოვრებას უშუალოდ განსაზღვრავს.

მონაწილეთა შეფასებით, ეს მომსახურებები ცხოვრების ხარისხის საბაზისო პირობებია და არა დამატებითი კეთილმოწყობა. ონლაინ გამოკითხვაში ერთ-ერთი ყველაზე ხშირად განმეორებული მოთხოვნა იყო ცენტრალური საკანალიზაციო სისტემ. ერთ-ერთ კომენტარში ნათქვამია:

„პირველ რიგში კანალიზაცია და წყალი არხებში… ზაფხულში საშინელი სუნი დგას მუხრანში.“

სხვა მონაწილე წერს:

„გზა პირველ რიგში შიდა უბნებში და კანალიზაცია.“

ამ პრობლემების მოგვარება მონაწილეთა ნაწილისთვის სოფლის განვითარების შეფასების მთავარი კრიტერიუმია.

ამ მიმართულებით სასურველი მდგომარეობა გულისხმობს გამართულ წყალმომარაგებას, საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემებს, მოწესრიგებულ შიდა გზებს, ქვეითთა უსაფრთხო გადაადგილებას, ქუჩების განათებასა და ნარჩენების რეგულარულ მართვას.

მონაწილეთა ხედვით, 2035 წლისთვის ეს პრობლემები მოგვარებული უნდა იყოს, რათა სოფლის განვითარების დღის წესრიგში სხვა პრიორიტეტებიც გაჩნდეს.

2. მუხრანი, როგორც პატარა ქალაქის მასშტაბის, ისტორიული იდენტობის მქონე დასახლება

კვლევაში ხშირად გამოიკვეთა განცდა, რომ მუხრანის მასშტაბი და მოსახლეობის რაოდენობა უკვე მოითხოვს განსხვავებულ მიდგომას. ერთ-ერთ შეხვედრაზე მონაწილემ მუხრანი აღწერა როგორც:

„მუხრანი არის პატარა ქალაქივით და მაგის შესაბამისად უნდა გაკეთდეს.“

2035 წლის მუხრანი წარმოდგენილია:

  • ფართო და მოწესრიგებული ტროტუარებით;
  • ველობილიკებით;
  • საფეხმავლო ბილიკებით;
  • ცალკეული ქვეითთა ქუჩებით;
  • საპარკინგე სივრცეებით;
  • ზოგიერთი ქუჩის ცალმხრივ სამანქანე გზად მოწყობა;
  • საზოგადოებრივი ტრანსპორტით სოფლის შიგნით;
  • გაუმჯობესებული სატრანსპორტო კავშირით თბილისთან;
  • თანამედროვე და ფუნქციური ავტოსადგურით;
  • საგზაო ნიშნები და უსაფრთხო მოძრაობის სისტემით.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბავშვების უსაფრთხოებას. მომავლის მუხრანი უნდა იყოს ისეთი, სადაც ბავშვებს შეუძლიათ უსაფრთხოდ გადაადგილდნენ ქუჩაში, იარონ ფეხით ან ველოსიპედით და მშობლებს არ ჰქონდეთ მუდმივი შიში საგზაო მოძრაობის გამო.

3. ისტორიული მუხრანი – მემკვიდრეობა როგორც განვითარების საფუძველი

თითქმის ყველა შეხვედრაში ისტორიული მემკვიდრეობა მუხრანის ერთ-ერთ მთავარ უპირატესობად გამოიკვეთა.

მონაწილეთა მოსაზრებებში ისტორიული მემკვიდრეობის დაცვა დაკავშირებულია მის თანამედროვე საზოგადოებრივ და ეკონომიკურ გამოყენებასთან.

ერთ-ერთ შეხვედრაზე გამოითქვა იდეა, რომ მუხრანის ისტორიული ცენტრი გარკვეულწილად ისე განვითარდეს, როგორც ევროპის ისტორიული პატარა ქალაქები და სოფლები, შენარჩუნებული არქიტექტურული იერსახით, რეგულირებული განაშენიანებით, მოწესრიგებული ღობეებითა და ჭიშკრებით, საფეხმავლო სივრცეებითა და საზოგადოებრივი ფუნქციებით. ერთ-ერთი მონაწილე ამბობს:

„მუხრანი უნდა იყოს ადგილი, სადაც ერთმანეთს შეერწყა ინოვაცია, ტექნოლოგია, ისტორია და ტრადიცია.“

ეს მოსაზრება ასახავს ისტორიული გარემოს შენარჩუნებისა და თანამედროვე განვითარების შეთავსების სურვილს.

2035 წლის მუხრანში ისტორიული უბნებისთვის არსებობს განაშენიანების წესები, რომლებიც იცავს სოფლის მასშტაბს, სიმაღლესა და არქიტექტურულ იერსახეს. ისტორიული შენობები რეაბილიტირებულია და გამოყენებულია საზოგადოებრივი, ტურისტული, კულტურული ან კომერციული ფუნქციით.

4. მდინარე ქსანი და მწვანე მუხრანი

მუხრანის მომავლის შესახებ წარმოდგენებში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემა ბუნებრივი გარემოა. აქ კი განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მდინარე ქსანს.

მოსახლეობის წარმოდგენაში მდინარის სანაპირო 2035 წელს შეიძლება იქცეს მუხრანის ერთ-ერთ მთავარ საზოგადოებრივ სივრცედ:

  • საფეხმავლო ხეივნით;
  • პარკით;
  • ხეებით;
  • დასასვენებელი სივრცეებით;
  • საბავშვო ზონებით;
  • პიკნიკის ადგილებით;
  • ღია სცენით;
  • საზაფხულო კინოთი;
  • მცირე კაფეებით;
  • ბუნებრივი გარემოს აღდგენილი ეკოსისტემით;
  • ფრინველებზე დაკვირვების შესაძლებლობით.

ერთ-ერთმა მონაწილემ მომავალი ასე წარმოიდგინა:

„ქსნის სანაპირო აღდგენილია, თავისი ჭალებით, არის ტყე, ჩიტები ბინადრობენ და birdwatching-ის შესაძლებლობაა.“

მწვანე მუხრანი მხოლოდ პარკების არსებობას არ გულისხმობს. მოსახლეობა საუბრობს სუფთა ქუჩებზე, ხეების დარგვაზე, სახლების წინ ყვავილებზე, სარწყავი არხების გაწმენდაზე.

ერთ-ერთმა ახალგაზრდა მონაწილემ ძალიან კონკრეტული იდეა შემოგვთავაზა, სოფლის ღონისძიება, რომლის დროსაც თითოეული მოსწავლე და მოსახლეობის წევრი ერთ ნერგს დარგავდა:

„ხალხს რომ ეცოდინებოდა თავისი დარგული ნერგია, მოუფრთხილდებოდა, მოუვლიდა და სოფელიც გალამაზდებოდა.“

5. სოფლის მეურნეობა მუხრანში

მუხრანის ისტორიული განვითარება სოფლის მეურნეობასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. მოსახლეობის ხედვებში ეს მიმართულება კვლავ მნიშვნელოვან ადგილს იკავებს, თუმცა განსხვავებული ფორმით.

2035 წლის მუხრანში სოფლის მეურნეობა უნდა იყოს:

  • ტექნოლოგიური;
  • პროდუქტიული;
  • ეკონომიკურად მომგებიანი;
  • ადგილობრივ წარმოებაზე დაფუძნებული;
  • გადამამუშავებელ საწარმოებთან დაკავშირებული;
  • ეკოლოგიურად მდგრადი.

განსაკუთრებით ხშირად გამოიკვეთა სარწყავი სისტემების აღდგენის საკითხი. ერთ-ერთი მონაწილე იხსენებს:

„სარწყავი არხები საჭიროა… ძალიან სუფთა და მოწესრიგებული სოფელი გვქონდა. იყო სარწყავი არხები კარგად გაყვანილი.“

მისი ხედვით, სარწყავი სისტემის აღდგენა არა მხოლოდ გარემოსდაცვითი, არამედ ეკონომიკური საკითხია. ამ მიმართულებაში მომავლის ხედვა მოიცავს როგორც ფერმერული მეურნეობების გაძლიერებას, ისე სათბურებს, ბიოწარმოებას, ადგილობრივი პროდუქციის გადამუშავებასა და გაყიდვას.

6. ძლიერი ადგილობრივი ეკონომიკა და სამუშაო ადგილები

მუხრანის მოსახლეობის ერთ-ერთი სურვილია, რომ სოფელში ცხოვრება არ ნიშნავდეს მუდმივ ეკონომიკურ დამოკიდებულებას თბილისზე.

მოსახლეობას სურს ისეთი მუხრანი, სადაც:
– ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესები იზრდება;
– ახალგაზრდებს აქვთ სამუშაო ადგილები;
– განვითარებულია ადგილობრივი წარმოება;
– არსებობს მაღაზიები, მომსახურება და ფინანსური სერვისები;
– სოფლის მეურნეობის პროდუქცია ადგილზევე მუშავდება;
– მეწარმეებს შეუძლიათ ბიზნესის დაწყება;
– ადგილობრივი გადასახადების ნაწილი სოფლის განვითარებას ხმარდება.

ერთ-ერთი მეწარმე მომავალს ასე ხედავს:

„10 წლის შემდეგ მე მინდა, რომ მუხრანში იყოს ათობით მცირე თუ საშუალო მეწარმე და ბიზნესი, რომლებიც ქმნიან ქართულ პროდუქტს… და ასევე ასაქმებენ ადგილობრივებს.“

მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკური განვითარების წარმოდგენა არ შემოიფარგლება მხოლოდ სოფლის მეურნეობით.

მონაწილეები საუბრობენ სამკერვალო წარმოებაზე, გადამამუშავებელ საწარმოებზე, ხელოსნობაზე, კვების ობიექტებზე, ტექნოლოგიებზე, ტურიზმზე, ღვინის წარმოებაზე, მომსახურების სფეროზე და სხვა მიმართულებებზე.

ამგვარად, მონაწილეთა ხედვა მოიცავს ადგილობრივი ეკონომიკის სხვადასხვა დარგის განვითარებას.

7. ტურისტული მუხრანი

მოსახლეობა მუხრანის ერთ-ერთ მთავარ ეკონომიკურ შესაძლებლობად ტურიზმს ხედავს. ამის საფუძველი უკვე არსებობს: ისტორიული მემკვიდრეობა, თბილისთან სიახლოვე, შატო-მუხრანი, სოფლის მეურნეობა, ღვინის კულტურა, მდინარე ქსანი, ტრადიციები და ადგილობრივი მოსახლეობის ცოდნა. 2035 წლის მუხრანი ამ შესაძლებლობას სისტემურად იყენებს.

სოფელში არსებობს:

  • ისტორიული მარშრუტები;
  • საფეხმავლო ბილიკები;
  • მუზეუმი;
  • ადგილობრივი ღვინის მარნები;
  • კაფეები და რესტორნები;
  • მცირე სასტუმროები;
  • ადგილობრივი პროდუქტების ბაზრები;
  • გამოფენა-გაყიდვები;
  • სოფლის ფესტივალები;
  • კულტურული ღონისძიებები;
  • ძველი ხელობების დემონსტრირება;
  • ტურისტული საინფორმაციო სივრცე.

ერთ-ერთი მონაწილე მუხრანის მომავალს ასე აღწერს:

„ტურისტული პოტენციალი აქვს სოფელს და ამას იყენებს მოსახლეობა შემოსავლის წყაროდ.“

ტურიზმი ამ შემთხვევაში არ უნდა ნიშნავდეს სოფლის „გალამაზებას ტურისტებისთვის“. იდეა უფრო ფართოა: ტურისტისთვის საინტერესო მუხრანი პირველ რიგში მუხრანელისთვის უნდა იყოს კარგი ადგილი საცხოვრებლად. 

8. განათლება მუხრანში – ბავშვები და ახალგაზრდები

მომავლის თითქმის ყველა ხედვაში ბავშვებისა და ახალგაზრდების საკითხი განსაკუთრებულ ადგილს იკავებს.

მოსახლეობას სურს, რომ 2035 წლის მუხრანში ბავშვებს ჰქონდეთ:

  • ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობა;
  • ევროპული სტანდარტების საბავშვო ბაღები და საკოლები;
  • სპორტული სივრცეები;
  • ხელოვნებისა და კულტურის წრეები;
  • ტექნოლოგიური და შემოქმედებითი კლუბები;
  • დებატების და დისკუსიის სივრცეები;
  • უსაფრთხო სათამაშო მოედნები;
  • ახალგაზრდული ცენტრი;
  • კინო და თეატრი;
  • არაფორმალური განათლების შესაძლებლობები.

ერთ-ერთ შეხვედრაზე გაჩნდა იდეა, რომ მუხრანში შეიქმნას ბავშვებისთვის დებატების კლუბები და კრიტიკული აზროვნების განვითარების მეტი შესაძლებლობები.

ახალგაზრდებმა ისურვეს გასართობი სივრცეები, როგორიცაა ბოულინგი, კინო, თეატრი, ღია სივრცეები სპორტული აქტივობებისთვის და სხვა სოციალური სივრცეები.

ამ მოთხოვნების საერთო მიზანია, ახალგაზრდებისთვის განათლების, კულტურისა და თავისუფალი დროის შესაძლებლობები უშუალოდ სოფელში გაიზარდოს.

9. კულტურული და საზოგადოებრივი ცხოვრება

2035 წლის მუხრანი მოსახლეობის წარმოდგენაში მხოლოდ ლამაზი და მოწესრიგებული სივრცე არ არის. ეს არის აქტიური საზოგადოება.

მონაწილეები იხსენებენ ძველ დღეობებსა და საერთო შეკრებებს და სურთ მათი თანამედროვე ფორმით დაბრუნება.

დასახელდა:

  • მუხრანის დღის დაწესება და აღნიშვნა;
  • კვირაცხოვლობის აღნიშვნა;
  • ქეთევანობა;
  • კულტურული ფესტივალები;
  • ადგილობრივი პროდუქციის ბაზრობები;
  • მუსიკალური ღონისძიებები;
  • თეატრი;
  • კინო;
  • გამოფენები;
  • საჯარო დისკუსიები.

ერთ-ერთი ხედვა განსაკუთრებით საინტერესოა, სოფლის მუზეუმი, რომელსაც ექნება არა მხოლოდ ძველი ნივთების გამოფენის ფუნქცია, არამედ კვლევის ცენტრის ფუნქციაც, რომელიც მუხრანის ისტორიას შეისწავლის და არქივს შექმნის.

ასევე გამოითქვა იდეა, რომ მუხრანს ჰქონდეს საკუთარი მედია საშუალება.

მონაწილეები მნიშვნელოვნად მიიჩნევენ სოფლის დამოუკიდებელი კულტურული და საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარებას.

10. მეზობლობა და სოციალური ურთიერთობები

მიუხედავად იმისა, რომ კვლევის მონაწილეები ხშირად საუბრობდნენ ინფრასტრუქტურაზე, მათი ყველაზე ღრმა სურვილები მხოლოდ ფიზიკურ გარემოს არ ეხებოდა.

რამდენიმე შეხვედრაზე განსაკუთრებულად გაჟღერდა მეზობლობისა და ერთმანეთის პატივისცემის დაბრუნების სურვილი.

ერთ-ერთმა მონაწილემ თქვა:

„კარგი ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ მეზობლებს, ადრე ვიყავით მასე.“

ერთ-ერთ ხედვაში კი მუხრანის მომავალი პირდაპირ უკავშირდება ადამიანების ურთიერთობას:

„მინდა, რომ ერთმანეთის პატივისცემა და სიყვარული გვქონდეს.“

ეს მოსაზრებები აჩვენებს, რომ ფიზიკურ გარემოსთან ერთად მონაწილეებისთვის მნიშვნელოვანია ნდობა, ურთიერთდახმარება და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა.

11. მოქალაქის ხმა და ადგილობრივი თვითმმართველობა

კვლევის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ამბიციური მიმართულება ადგილობრივი მართვის საკითხია.

მოსახლეობის ნაწილს სურს ისეთი მუხრანი, სადაც სოფელს საკუთარი განვითარების შესახებ გადაწყვეტილებების მიღებაში რეალური ძალაუფლება ექნება.

ერთ-ერთი ხედვა გულისხმობს სოფლის მიერ არჩეულ ხელმძღვანელს, რომელიც მოსახლეობის წინაშე ანგარიშვალდებული იქნება.

სხვა მონაწილეებმა ისაუბრეს სოფლის საბჭოზე, რომელიც პერიოდულად შეიკრიბება და სოფლის ბიუჯეტის ხარჯვის საკითხებზე გადაწყვეტილებებს მიიღებს.

ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო ფორმულირება იყო:

„ყველა სოფელს უნდა ჰყავდეს საკუთარი პატრონი, თავიკაცი, თავისი ფული, გადაწყვეტილებას უნდა იღებდნენ ერთად.“

ამ ხედვაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ადგილობრივ ბიუჯეტს.

მოსახლეობას სურს იცოდეს:
– რამდენი ფული აქვს სოფელს;
– საიდან მოდის ეს ფული;
– რაში იხარჯება;ვინ იღებს გადაწყვეტილებას;
– ვინ აკონტროლებს მის ხარჯვას.

გამოითქვა იდეა სპეციალური საზოგადოებრივი კომისიის შექმნის შესახებაც, რომელშიც სხვადასხვა სფეროს მცოდნე ადამიანები იქნებიან და რომელიც მოსახლეობის სახელით ადგილობრივი აღმასრულებელი ორგანოს საქმიანობას გააკონტროლებს.

ამ მიმართულებით გამოთქმული წინადადებები ეხება როგორც ადგილობრივი მართვის შესაძლო მოდელებს, ისე გადაწყვეტილებების მიღებაში მოქალაქეთა მონაწილეობას.

მონაწილეთა ნაწილისთვის მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეთა როლი არჩევნებში მონაწილეობით არ შემოიფარგლებოდეს და მოიცავდეს ადგილობრივი გადაწყვეტილებების განხილვასა და მათი შესრულების მონიტორინგს.

12. უსაფრთხო, ჯანმრთელი და ადამიანზე ორიენტირებული მუხრანი

მოსახლეობის ხედვებში უსაფრთხოება რამდენიმე განზომილებას მოიცავს. 

პირველ რიგში, ეს არის საგზაო უსაფრთხოება და ბავშვებისთვის უსაფრთხო გადაადგილება.

მეორეა ჯანდაცვა. ერთ-ერთი მონაწილის ხედვით, მუხრანს სჭირდება თანამედროვე და სრულფასოვანი სამედიცინო დაწესებულება:

„ამხელა სოფელს ერთი კარგი, დიდი საავადმყოფო კი უნდა ჰქონდეს.“

მესამე საკითხია მიუსაფარი ცხოველები და ცხოველებთან დაკავშირებული უსაფრთხოება.

მეოთხეა სახანძრო და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების შესაძლებლობები.

ამ ხედვების ერთობლიობა გვიჩვენებს, რომ მოსახლეობისთვის განვითარება ნიშნავს არა მხოლოდ კეთილმოწყობას, არამედ სერვისების არსებობას, რომლებიც ადამიანის ყოველდღიურ უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობას უზრუნველყოფს.

13. მუხრანი – თვითმყოფადი თემი

მონაწილეთა მოსაზრებებში განმეორებით იკვეთება სოფლის თვითმყოფადობის შენარჩუნების საკითხი.

მოსახლეობას სურს, რომ მუხრანი არ იყოს ადგილი, რომლის ყველა საჭიროებაც გარედან უნდა დაკმაყოფილდეს.

სასურველია, სოფელს ჰქონდეს:
– საკუთარი ეკონომიკური რესურსი;
– საკუთარი ბიუჯეტი;ადგილობრივი ბიზნესი;
– სამუშაო ადგილები;განათლების შესაძლებლობები;
– კულტურული ცხოვრება;
– სპორტული და რეკრეაციული სივრცეები;
– საზოგადოებრივი ტრანსპორტი;
– სამედიცინო სერვისები;
– საზოგადოებრივი მონაწილეობა;
– ადგილობრივი მედია;საკუთარი განვითარების გეგმა.

ამგვარი ხედვა არ გულისხმობს იზოლაციას: ის აერთიანებს თბილისთან და ქვეყნის სხვა ნაწილებთან კავშირსა და ადგილობრივი შესაძლებლობების გაძლიერებას.

შეჯამება: მუხრანი 2035 წელს

მონაწილეთა მიერ გამოთქმული მოსაზრებების საფუძველზე შესაძლებელია 2035 წლის მუხრანის სასურველი მდგომარეობის შემდეგნაირად შეჯამება:

2035 წელს მუხრანის ქუჩები სუფთაა. სახლებისა და ეზოების იერსახე მოწესრიგებულია. ისტორიულ უბნებში შენარჩუნებულია ძველი არქიტექტურა და ადგილობრივი სტილი. ცენტრალურ ნაწილში მანქანების მოძრაობა შეზღუდულია და ადამიანები თავისუფლად გადაადგილდებიან ფეხით.

ქუჩებში ტროტუარები და ველობილიკებია. ბავშვები უსაფრთხოდ მიდიან სკოლაში. სოფელში მოძრაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც უბნებს ცენტრთან და მდინარე ქსნის სანაპიროსთან აკავშირებს.
სოფელს აქვს გამართული წყლის, ცენტრალური კანალიზაციისა და სანიაღვრე სისტემა. ნარჩენების მართვა ორგანიზებულია. ქუჩები განათებულია.

ცენტრში ისტორიული შენობები აღდგენილია. ძველი სივრცეები ახალ ფუნქციებს ატარებს. კულტურის სახლი აქტიურად მუშაობს. მუზეუმი არა მხოლოდ წარსულს აჩვენებს, არამედ მუხრანის ისტორიას იკვლევს.

მდინარე ქსნის სანაპირო აღდგენილია და იქ მუხრანის ერთ-ერთი მთავარი საზოგადოებრივი სივრცეა, ხეებით, საფეხმავლო ბილიკებით, დასასვენებელი ადგილებით, საბავშვო სივრცეებითა და მცირე კაფეებით.

სოფელში არსებობს პარკები, სპორტული მოედნები, ახალგაზრდული სივრცეები, კაფეები, კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრები.

ბავშვებს აქვთ წვდომა სპორტზე, ხელოვნებაზე, ტექნოლოგიებზე, დებატებსა და სხვა არაფორმალურ განათლებაზე.

მუხრანის ეკონომიკა მრავალფეროვანია. მუშაობს მცირე და საშუალო ბიზნესი, განვითარებულია სოფლის მეურნეობა, მებაღეობა, მევენახეობა, ადგილობრივი პროდუქციის წარმოება და გადამუშავება.

მუხრანის ისტორია ტურიზმის საფუძველია. სტუმრები ჩამოდიან ისტორიული მუხრანის სანახავად, ადგილობრივი ღვინისა და პროდუქტის გასასინჯად, ფესტივალებში მონაწილეობის მისაღებად და სოფლის კულტურის გასაცნობად.

მუხრანი არ არის მხოლოდ ტურისტული ადგილი, ტურიზმი ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლის ერთ-ერთი წყაროა.

სოფელში ადამიანები იცნობენ ერთმანეთს. მეზობლობა ისევ სოციალური ურთიერთობის მნიშვნელოვანი ნაწილია. ადამიანები ერთად აწყობენ ღონისძიებებს, ზრუნავენ ქუჩებზე და მონაწილეობენ სოფლის ცხოვრებაში.

სოფელს აქვს საკუთარი განვითარების გეგმა და ბიუჯეტი. მოსახლეობამ იცის, რა რესურსი არსებობს და როგორ იხარჯება ის. გადაწყვეტილებები მიიღება მოქალაქეების მონაწილეობით და ადგილობრივი ორგანოები ანგარიშვალდებული არიან საზოგადოების წინაშე.

და ყველაზე მთავარი, მუხრანი ინარჩუნებს იმას, რაც მას მუხრანად აქცევს – მის ისტორიას და უკეთესი მომავლისკენ სწრაფვას.

კვლევის შედეგად მიღებული ხედვების შეჯერებისას იკვეთება ერთი მთავარი ფორმულა: 

მუხრანი უნდა განვითარდეს ისე, რომ არ დაკარგოს საკუთარი თავი. მას შეუძლია გახდეს თანამედროვე, ტექნოლოგიური, ეკონომიკურად ძლიერი და ტურისტულად მიმზიდველი სოფელი ისე, რომ შეინარჩუნოს ისტორიული მემკვიდრეობა, ბუნებრივი გარემო, ტრადიციები და საზოგადოებრივი იდენტობა.

სწორედ ამაში შეიძლება იყოს მუხრანის განვითარების უნიკალური შესაძლებლობა:

  • ისტორია + თანამედროვე ტექნოლოგიები
  • ტრადიცია + ინოვაცია
  • სოფლის მეურნეობა + ახალი ეკონომიკა
  • ტურიზმი + ადგილობრივი ცხოვრება
  • ძლიერი თვითმმართველობა + მოქალაქეთა პასუხისმგებლობა
  • განვითარება + იდენტობის შენარჩუნება.

შემდგომი ნაბიჯები

„მუხრანი 2035“ არ წარმოადგენს დასრულებულ განვითარების გეგმას ან კონკრეტული პროექტების განხორციელების ვალდებულებას.

დოკუმენტი ასახავს მონაწილეთა მიერ გამოთქმულ პრიორიტეტებს და შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდგომი განხილვისა და დაგეგმვის საწყის მასალად ნებისმიერი დაინტერესებული მხარისთვის.

კვლევაში მონაწილე ადამიანების პასუხები განსხვავებულია. ზოგისთვის მთავარი გზაა, ზოგისთვის კანალიზაცია, ზოგისთვის სკოლა, სამუშაო ადგილები, ტურიზმი, ისტორიული მემკვიდრეობა, ახალგაზრდული სივრცეები, მწვანე გარემო ან თვითმმართველობა.

ამ განსხვავებული პრიორიტეტების მიუხედავად, მონაწილეთა მოსაზრებებს აერთიანებს ადგილობრივი პასუხისმგებლობისა და მონაწილეობის მოთხოვნა: მუხრანს ჰყავდეს პატრონი, და ეს პატრონი პირველ რიგში თავად მუხრანის საზოგადოება იყოს.

დოკუმენტის შემდგომი გამოყენებისთვის მნიშვნელოვანია ერთ კითხვაზე დაფიქრება: 

რა უნდა გავაკეთოთ დღეს, რომ ასეთი მუხრანი 2035 წელს ნამდვილად არსებობდეს? – ამ კითხვაზე ყველა ჩვენგანს მოგვიწევს დაფიქრება…

…

მადლობა ყველა ადამიანს, ვინც მონაწილეობა მიიღო შეხვედრებში, შეავსო ონლაინ კითხვარი, დატოვა კომენტარი, გაგვიზიარა საკუთარი გამოცდილება ან უბრალოდ დრო დაუთმო სხვისი ხედვების გაცნობას.

იმედი გვაქვს, „მუხრანი 2035“ გახდება არა მხოლოდ ერთი კვლევის შედეგი, არამედ ფართო და ყოვლისმომცველი საუბრის დასაწყისი მუხრანის მომავალზე.

ინიციატივის შემუშავებაში მონაწილე პირები და ორგანიზაციები 

ინიციატივა „მუხრანი 2035“-ის ჩამოყალიბება და განხორციელება შესაძლებელი გახდა იმ ადამიანებისა და საზოგადოებრივი ჯგუფების ერთობლივი ძალისხმევით, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ინიციატივის იდეის განვითარებაში, მისი მიზნებისა და მნიშვნელობის განსაზღვრაში, კვლევის ფორმატის შემუშავებასა და კითხვარების მომზადებაში.

განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით:

ინიციატივის განხორციელებაში ჩართულ პირებს: სალომე ძიძიგურს, მაია გაბუნიას, როზა მიქელიანს, მარიამ გურგენიძეს

საქართველოს საზოგადოებრივ ასამბლეასა და მის წევრებს დავით კიზირიას, შოთა მურცხვალაძეს, მარინე მიზანდარს.

მცხეთის საზოგადოებრივ ასამბლეას და მის წევრს კონსტანტინე ვეკუას.

მუხრანის საინიციატივო ჯგუფს ინიციატივის განხორციელებაში მონაწილეობისა და ადგილობრივ საზოგადოებასთან თანამშრომლობისთვის.

მადლობას ვუხდით თითოეულ მათგანს დათმობილი დროისთვის, გაზიარებული ცოდნისთვის, იდეებისა და გამოცდილებისთვის, რომლებმაც ხელი შეუწყო ინიციატივის ჩამოყალიბებასა და განვითარებას.